E. Tatishvili str. #19
info@driveclub.ge
+995 557 57 47 03
Menu
Close
ქართული მართვის მოწმობა შეიძლება იტალიამ და ესპანეთმაც აღიაროს

ქართული მართვის მოწმობებისთვის საერთაშორისო ძალის მინიჭების საკითხზე, შსს ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სამ ქვეყანასთან აწარმოებს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, იტალია და უკრაინა. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქართული მართვის მოწმობის მქონე მძღოლებმა, 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც, შესაძლოა, კვლავ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლონ და მათ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწიოთ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მართვის მოწმობის საერთაშორისო მოწმობად აღიარების კუთხით ვადა 2018 წლის სექტემბრამდე აქვს.

“აქ მიდის ორი მიმართულებით მუშაობა. ერთი – მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა და ამისთვის უკვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მარშრუტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და მეორე მიმართულება არის ქართული მართვის მოწმობების უცხოეთში აღიარება. სამი ქვეყანა გვაქვს ახლა იდენტიფიცირებული, რომლებთანაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ესენია: ესპანეთი, იტალია და უკრაინა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
დღეს არსებული რეგულაციებით, ქართული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყნებში 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, რის შემდეგაც მძღოლი ვალდებულია, კონკრეტული ქვეყნის მართვის მოწმობა აიღოს, რისთვისაც იქ გამოცდა უნდა ჩააბაროს.

6 თებერვალს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და უკრაინაში საქართველოს ელჩს გელა დუმბაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე ისაუბრეს.